Sunday, November 27, 2011

ხუთკუნჭულა



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ ცხრა ძმანი. ცხრავე ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ იმათას ვერც არას ცეცხლი დაწვავდა და ვერც არას წყალი წაიღებდა. ნახევარზე მშივრები იყვნენ. ბოლოს, თქვეს ძმებმა: წავიდეთ, ან მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთ, ან კიდევ ვიმუშაოთ, დღიური ლუკმა ვიშოვოთო.
წავიდნენ, იარეს, ერთ ქვეყანაში მივიდნენ. იქ ერთი დევი შეხვდათ. დევმა ჰკითხა:
- სად მიდიხართო?
იმათ უპასუხეს:
- სამუშაოდ, ლუკმის საშოვნელად, გვინდა მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთო!
დევმა უთხრა:
- მე დამიდექითო!
ძმებმა უპასუხეს:
- კარგიო!
წაიყვანა დევმა და წავიდნენ. დევს ცხრა ქალი, აუარებელი საქონელი, ძროხა და ცხენი ჰყავდა. იმ ღამეს დევმა კარგი ვახშამი აჭამა, დააწვინა და თვითონ კი დაუწყო თვალის ჭერა, თუ როდის დაეძინებათო. რვა ძმას სძინავს, ხუთკუნჭულა კი, უმცროსი ძმა, არ იძინებს, ლოგინში წევს და დევზე აქვს თვალი.
- დაგეძინათ? - დაუძახა დევმა.
- არა! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
- რა არ გაძინებს? - ჰკითხა დევმა.
- შენი ბატების ყიყინიო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
მაშინვე წავიდა დევი, გადაყლაპა ბატები და ცოტა მოიცადა.
- დაგეძინა, თუ ისევ გღვიძავს? - ჰკითხა ხელახლა დევმა.
- არაო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
- რა არ გაძინებს? - ჰკითხა ხელახლა დევმა.
- შენი ძროხების ფეხის ხმაო, - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
წავიდა დევი, გადაყლაპა ყველა ძროხა და დაბრუნდა. დაუგდო ყური ყველას სძინავს ვითომ.
- დაგეძინა? - დაუძახა ხუთკუნჭულას.
- არა! - უპასუხა ისევ ხუთკუნჭულამ.
- რა არ გაძინებს? - დაუძახა გაცეცხლებულმა დევმა.
- შენი ცხენების ჭიხვინიო, - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
დევი ისევ წავიდა, ახლა ცხენების დასაჭმელად. ამ დროს ადგა ხუთკუნჭულა, აიღო დევის ქალების ტანისამოსი და ძმებს დაუწყო, ძმებისა და თავის ხანჯლები და ტანისამოსი - დევის ქალებს, და გაიტრუნა, თითქოს დაეძინაო. მოვიდა დევი, დაუარა თავის ქალებს, ვაჟები ჰგონია, დასჭრა თავები და დაყარა. ხუთკუნჭულამ ჩააცვა ძმებს ქალების ტანისამოსი და გაისტუმრა, უთხრა:
- თქვენ წადით, ხიდს გადითო!
თვითონ იქ დარჩა.
მეორე დღეს ქალად ჩაცმულმა დევს უთხრა:
- ხორცს ჩავყრი, ის ვაჟები რომ დავხოცეთ იმათსას, და მეც ჩემ დებთან წავალ, საყდარში რომ წავიდნენ.
- კარგი, წადიო! - უთხრა დევმა.
წავიდა ხუთკუნჭულა და გავიდა ხიდს. დევმა ხორცი ამოიღო, ჭამა და აკი ძუძუები ამოუჩნდა. მაშინვე თქვა: ეს ხუთკუნჭულამ მიყოო. გადააგდო ხორცი და გამოუდგა ხუთკუნჭულას. კარგა გზა გაიარა და დაუძახა.
- ხუთკუნჭულავ, გამასწარ ხიდსაო? - გაგასწარ და თვალიც მოგთხარეო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
ის ხიდი დევისა და ერთი ხელმწიფის საზღვარზე იდო. იმ ხიდს დევი ვერაროგორ ვერ გავიდოდა და ძალიან ეშინოდა, ამიტომ, რაკი ხიდს გავიდა ხუთკუნჭულა, სამშვიდობოს იყო გასული. დაბრუნდა დევი შინ კბილის კრაჭუნით. ძმები კი წავიდნენ და მივიდნენ ერთ ხელმწიფესთან. ახლა იმას დაუდგნენ მოჯამაგირედ. ძმები აუშარდნენ ხუთკუნჭულას, მოინდომეს იმისი მოკვლა. ხელმწიფეს უთხრეს:
- ერთ დევს ერთი თხა ჰყავს, ის თხა გულთმისანია და, რასაც ნახავს, ან გაიგონებს, ყველაფერს იტყვის. ის თხა რომ მოიყვანოს კარგი იქნებაო!
თხა იმ დევისა იყო, ვისთანაც ძმები იყვნენ. ხელმწიფემ დაიბარა ხუთკუნჭულა და უთხრა:
- წადი და, ამა და ამ დევს რომ თხა ჰყავს, აქ მოიყვანე, თუ არ მოიყვან, სისხლის მეტი ვერაფერი გიხსნისო! რას იზამდა ხუთკუნჭულა, ადგა და წავიდა თხის მოსაყვანად. მივიდა დევის სახლში და დაენახვა თხას. თხამ დაუძახა დევს:
- ხუთკუნჭულა! ხუთკუნჭულა!
- გამოვიდა დევი გარეთ, ეძებს ხუთკუნჭულას. ხუთკუნჭულა კი კარის უკან არის დამალული. ეძებს დევი, მაგრამ ტყუილად. ხუთკუნჭულა კიდევ დაენახვა თხას. თხამ კიდევ დაიძახა:
- ხუთკუნჭულა!
კიდევ ეძებს დევი, მაინც ვერა პოულობს. ბოლოს, გაბრაზებული გაისვრის თხას გარეთ. ხუთკუნჭულა დაავლებს ხელს, გაიქცევა და გავარდება ხიდს. დევი იფიქრებს: ბიჭო, იქნება ის ოხერი ხუთკუნჭულა მართლა აქ სადმე იყოს, თხა მომტაცოს და წაიყვანოსო. და გამოიხედა გარეთ. სადღაა თხა! იმის კვალიც აღარ იყო. მაშინვე გამოეკიდა დევი, ირბინა და მიუახლოვდა ხიდს.
- ხუთკუნჭულავ გახველ ხიდს, თუ არა?
- თვალი კი არ მოგთხარეო! - მოაძახა ხუთკუნჭულამ და წაიყვანა თხა. დევი შინ დაბრუნდა გაბრაზებული.
ხუთკუნჭულამ თხა ხელმწითეს მოუყვანა და ძმებს კი, რასაკვირველია, ვერაფრად ეპიტნავათ. ხელმწიფეს უთხრეს:
- დიდებულო ხელმწიფევ, მაგ თხის პატრონს ისეთი ხალიჩა აქვს, რომ მისი ფასი დედამიწის ზურგზე არაფერი იქნება. თუ ხუთკუნჭულამ იმისი თხა მოიყვანა, ხალიჩასაც მოიტანსო!
ხელმწიფემ ისევ დაიბარა ხუთკუნჭულა და უთხრა, რომ შენ უნდა წახვიდე და, ამ დევს რომ ხალიჩა აქვს, ის მოიტანოო!
ხუთკუნჭულას რა მეტი ღონე ჰქონდა, ადგა და წავიდა. ხელმწიფეს კი მოახსენა, რომ ერთი მუჭა ნემს-მახათი ებოძებინათ. მისცეს და წაიღო.
ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა დევის სახლში, შეიპარა, სადაც ხალიჩა იყო დაგებული და დაარჭო ნემსები. მოვიდა დევი, დაჯდა ნემსებზე - შეერჭო, იქით გადაიწია, იქითაც შეერჭო, აქეთ გადმოიწია - აქეთაც შეერჭო. ბოლოს, რაკი ძალიან შეწუხდა, მოავლო ხალიჩას ხელი და გადაუძახა გარეთ. დაავლო ხელი ხუთკუნჭულამ, გააქცია და გავარდა ხიდს. დევმა იფიქრა: ის ეშმაკი ხუთკუნჭულა კი არ იყოს აქ სადმე და ხალიჩა არ წაიღოსო! გამოიხედა მაგრამ სადღაა ხალიჩა! დარჩა ხახაცარიელლი დევი. გამოეკიდა ხუთკუნჭულას და დაუძახა:
- ხიდს გახველ, ხუთკუნჭულავ, თუ არაო?
- გაველ და თვალიც მოგთხარეო! - უპასუხა ხუთკუნჭულამ.
მივიდა და მიუტანა ხალიჩა. ძმებს უფრო აერიათ გული. ხელმწიფეს მოახსენეს:
- ხუთკუნჭულამ მაგ თხის და ხალიჩის პატრონიც რომ მოიყვანოს, ძალიან კარგი რამ სახილველი იქნებაო!
- დაიბარა ისევ ხუთკუნჭულა ხელმწიფემ და უთხრა:
- უნდა წახვიდე და ამ ხალიჩის პატრონიც აქ მოიყვანოო!
- კარგიო, - მოახსენა ხუთკუნჭულამ, - მხოლოდ ერთი ხელი იმერული ტანისამოსი კი მიშოვეთ და ხუროს იარაღები, რაც რამ არისო.
ხელმწიფემ უშოვნა, ჩაიცვა ხუთკუნჭულამ, აიღო ხელში ხერხი, ეჩო, ხუსტარა, საწარბელა, შალაშინი და სხვა და გასწია.
ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა დევის საბრძანებელში. უცებ დევს შეხვდა ტყეში.
- ოჰ, შენ არა ხარ ხუთკუნჭულაო? - დაუძახა დევმა.
- აი, ასე და ასე მოუვიდეს ხუთკუნჭულას ჩემი ცოდვა ნუ დაულიოს ღმერთმა, - უთხრა დევს ხუთკუნჭულამ: - იმ ვერანას ვშველოდი, იმერელი ვარ, არაფერი მომცა, გამომაგდო. დევმა მართლა დაუჯერა.
- თუ იმერელი ხარ, - ჰკითხა, - მაშ შენ კაი ხელობა გეცოდინება, რას გააკეთებ საკვირველსაო?
- მე ისეთ კიდობანს გავაკეთებ, - უთხრა ხუთკუნჭულამ, - რომ შიგ ჩაჯდე და ფიცარიც ვერ გააგდებინოო.
- აბა გააკეთეო! - უთხრა დევმა.
- საჩქაროდ გააკეთა კიდობანი ხუთკუნჭულამ და უთხრა დევს:
- აბა, ჩადი, ნახე, ძირს გააგდებინებ თუ ვერაო?
ჩაჯდა დევი, ჰკრა წიხლი და გააგდებინა. გააკეთა მეორედ, ჩასვა დევი და უთხრა:
- აბა, ახლაც გააგდებინეო?
დევმა, მართლაც, ვეღარ გააგდებინა, დალურსმა და უთხრა:
- ფეხით არ იარო, ზურგზე აგიკიდებ და შენს სახლში ისე მიგიყვანო!
- კარგიო! - უთხრა დევმა.
მოიკიდა ხუთკუნჭულამ და ხუსხუს ხელმწიფისაკენ! ხიდს რომ გავიდა, დევს გულმა გაუგო.
- აი, გადამიყვანე, განა ხიდს?! - უთხრა ხუთკუნჭულას და დაიზიდა, მაგრამ სად წავიდოდა?
წამოიყვანა ხუთკუნჭულამ და მოუყვანა ხელმწიფეს. დევის სანახავად შეიკრიბა მთელი ჯარი, ნაზირ-ვეზირი, ხელმწიფე და სხვა დიდებული. უნდოდათ, გაეხსნათ და ენახათ. ხუთკუნჭულა კი გაიქცა, წაიღო ერთი მარილის ქვა და ავიდა ერთ მაღალ ჭადარზე. იქიდან უცქერის სეირს. ახადეს კიდობანს, ამოვარდა იქიდან გაგიჟებული დევი, დაერია ხალხს და ყველა ერთად კი მოაქცია თავისი ხელმწიფითა და რვა ძმით შავ მუცელში. რაკი ყველა მიყლაპ-მოყლაპა, ხუთკუნჭულას დაუწყო ძებნა და მერმე ჭადარზე შეიხედა. იქ მჯდომი ხუთკუნჭულა დაინახა და დაუძახა:
- ხუთკუნჭულავ, მასწავლე მანდ როგორ ახველო?
- ამ მარილის ქვას ხომ ხედავ? - დაუძახა ხუთკუნჭულამ დევს, - ეს მარილის ქვა გულზე დავიდე, ამოვფრინდი და ამოველო.
- სად ვიშოვნო მაგისთანა ქვაო? - ჰკითხა დევმა.
- გულაღმა დაწექ, მე ჩამოვუშვებ, გულზე დაგეცემა და ამოხტებიო, - დაუძახა ხუთკუნჭულამ.
- დაწვა დევი გულაღმა. ჩამოუშვა მარილის ქვა, დაეცა დევს და ორად გახვრიტა. ხუთკუნჭულამ ამრიგად მოიშორა დევი თავიდან. ჩამოვიდა ხიდან, ის იმოდენა სარჩო იმას დარჩა. გახდა სიმდიდრისა და შეძლების პატრონი; გახდა ქვეყნის ბატონიცა და პატრონიც. აქვს მუდამ ძველი პური და ძველი ღვინო.


No comments:

Post a Comment