იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებსა თლიდა და ჭერში აწყობდა. ორი ცხვარი ჰყავდა კომბლეს. ეს ცხვრები დილით წავიდოდნენ საბალახოდ და საღამოს თვითონ ბრუნდებოდნენ შინ.
ერთ დღეს ცხვრები საბალახოდ რომ წავიდნენ, შემოხვდათ მელია:
- ცხვრებო, ვისი ხართო?
- კომბლესიო.
- კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.
- არა, მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა მელიამ და გაიარა.
იარეს ცხვრებმა, იარეს და შემოხვდათ დათვი:
- ცხვრებო, ვისი ხართო?
- კომბლესიო.
- -კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო.
- - არა, მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა დათვმა და გაიარა.
ცხვრებმა იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი:
- ცხვრებო, ვისი ხართო?
- კომბლესიო.
- კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო, - მიუგეს ცხვრებმა.
- მე არ მეშინია თქვენი კომბლესიო! - თქვა მგელმა და ორივე გადაყლაპა.
საღამო ხანზე კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და, შინ რომ არ დაბრუნდნენ, ჩამოიღო ერთი დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და გაუდგა გზას.
იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია.
- მელიავ, ჩემი ცხვრები არ გინახავსო?
- არა, ჩემმა მზემაო!
- აბა, კბილები დაკრიჭეო!
- დაკრიჭა კბილები მელიამ და ჩიჩია არ ჰქონდა.
იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა დათვი.
- ჩემი ცხვრები არ გინახავსო? - ჰკითხა კომბლემ.
- არა, ჩემმა მზემაო.
- აბა, კბილები დაკრიჭეო!
- დაკრიჭა დათვმა კბილები და ჩიჩია არ ჰქონდა.
იარა კომბლემ, იარა და ბოლოს შემოხვდა მგელი. ჰკითხა: ჩემი ცხვრები არ გინახავსო?
- არა, ჩემმა მზემაო!
- აბა, კბილები დაკრიჭეო!
- დაკრიჭა მგელმა კბილები და ჩიჩია ჰქონდა.
კომბლემ ხდრუზა მგელს კომბალი და სული გააფრთხობინა. გაუჭრა მუცელი, გამოიყვანა თავისი ცხვრები და გაუდგნენ გზას შინისაკენ.
ახლაც დადიან კომბლეს ცხვრები საბალახოდ და ვაი, მისი ბრალი, ვინც მათ ხელს ახლებს.
No comments:
Post a Comment