ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი, დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, სოფ. გვიშტიბში, წყალტუბოს რაიონი). ძალიან პატარა დაობლდა. მძიმე ბავშვობა ერგო. "ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში – წერს ოტია იოსელიანი – ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. . რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – "მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო" – ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემიაო". ომის უმძიმესმა წლებმა და სიღარიბემ ის, ერთის მხრივ გამოაწრთო და დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჩვია, მეორს მხრივ კი, მის უმდიდრეს წარმოსახვით ფანტაზიას დიდი ლიტერატურული საქმიანობისათვის ჩაუყარა საფუძველი და მზაობა. მის შემოქმედებაში ერთ-ერთი უმტავრესი სწორედ ომის თემა გახდება. უამრავი ნაწარმოები დაიწერება ზნეობრივ-ეთიკურ პრობლემატიკაზე და აისახება ურთულესი სოციალური პრობლემები, რომელიც მწერლის შემოქმედებას აქცევს იმ პერიოდისათვის ყველა ქვეყნის მოქალაქისათვის საინტერესოდ და მნიშვნელოვნად. მაგრამ ეს იქნება შემდეგ, მანამდე კი ის განუწყვეტლივ ეძებს საკუთარ თავსა და ადგილს: სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტს მალე დაანება თავი და ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე, რომელიც ასევე მიატოვა. ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა გამზრდელი ბებია, რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მან საოცარი სიახლისა და ინდივიდუალიზმის მატარებელმა კაცმა შესძლო მალევე მიექცია ყურადღება. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების კრებული "კარის მეზობელი" გამოსცა 1957 წელს. ო. იოსელიანმა შექმნა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები, რომანები, ნოველები, საბავშვო ნაწარმოებები, პიესები, კინოსცენარები, ლექსები: "ვარსკვლავთცვენა"1962 წ., "ტყვეთა–ტყვე", "შავი და ცისფერი მდინარე" 1975წ., "იყო ერთი ქალი", "ქალი გამოვიდა ქმრის საღალატოდ", "ცხრა მთას იქით", “დაჩის ზღაპრები” (უძღვნა თავის უმცროს შვილს დაჩის), "ცა გამთენია", "სანამ ურემი გადაბრუნდება", "როცა სიყვარული მოვა", "ადამიანი იბადება ერთხელ", "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი". მის ნაწარმოებებზე გადაღებულია ფილმები: "მალე გაზაფხული მოვა", "ჩქარი მატარებელი", "თეთრი ქალიშვილი". მისი პიესები, მოთხრობები და რომანები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. . 2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექს-სონეტია შეტანილი, გამოსცა ავტობიოგრაფიული მოტხრობების კრებული “ჩემი ასავალ-დასავალი”, ახალი საბავსვო წიგნები, ზღაპრები, საბავშვო ლექსები, იგავ-არაკები. გამოირჩევა განსაკუთრებული სარკაზმითა და იუმორით, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით, უკომპრომისო ბუნებით და ითვლება ერთ-ერთ განსაკუთრებულად კოლორიტულ ადამიანად. მისი პოპულარობა და ცხოვრების წესი არცერთ ადამიანს არ ტოვებს გულგრილს: ოტია იოსელიანს არასდროს მიუტოვებია მშობლიური სოფელი, ცხოვრობს წყალტუბოში. თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ო. იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის. მისდევს სოფლის მეურნეობას, მეფუტკრეობას და ჩვეული შემართებით განაგრძობს ლიტერატურულ–შემოქმედებით საქმიანობას.
No comments:
Post a Comment