რევაზ ინანიშვილი, მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე საავიაციო ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილის” რედაქტორი.
პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რეზო ინანიშვილი თავადაც ჩინებულად თარგმნიდა ქართულ ენაზე.
საქართველოს უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო – რუსთაველის სახელობის პრემია, მიენიჭა კრებულისათვის “შორი თეთრი მწვერვალი”. განსაკუთრებულია მისი ლიტერატურული სამყარო. მის შემოქმედებას, დიდმა ქართველმა მოაზროვნემ, აკაკი ბაქრაძემ “სულს პირი “ უწოდა. იგი ქართველი ადამიანის, ქართული სოფლის სულს დასტრიალებდა, მის ამოცნობასა და ახსნას ცდილობდა. ბუნება, ადამიანი, მოზარდი, სამშობლო, მისი გმირული ისტორია უამრავ მინიატურასა და მოთხრობაში ასახა. რეზო ინანიშვილი სიკეთისა და სევდის მწერლად გვევლინება, ადამიანის გულშემატკივარია და მისი ტკივილისა და სიხარულის მოზიარე.
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
No comments:
Post a Comment