Sunday, September 11, 2011

ლიტერატურული ალმანახი ბავშვებს


 
გუშინ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა "სახალხო ბანკის" ფინანსური ხელშეწყობით საბავშვო ლიტერატურის ალმანახის პირველი ნომრის პრეზენტაცია მოაწყო. ჟურნალის მთავარი რედაქტორი მარიამ წიკლაური გახლავთ. ეს არის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია "წიგნები ბავშვებს", რაც გულისხმობს მოსახლეობისგან წიგნების შეკრებას და მათ ბიბლიოთეკებში დაკომპლექტებას. ეს ბიბლიოთეკები შეიქმნება სამაჩაბლოს სკოლებში.
საღამოზე შეიკრიბნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, მწერლები, რომლებმაც ალმანახის შექმნაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და რომლებიც შეეცადნენ, რომ ეს ყველაფერი წადგომოდა მომავალ თაობას.
"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული თაობის ბედი. მოხარული ვართ, რომ "სახალხო ბანკმა" ეს ყველაფერი დააფინანსა. ისევე როგორც ნებისმიერი კომპანიისთვის, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ინტელექტუალური ბაზა - როგორები იქნებიან, როგორ აღიზრდებიან, რა მენტალიტეტის ადამიანები იქნებიან მომავალში. ამიტომ ჩვენ არა მარტო ალმანახს ვაფინანსებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ ასეთ აქციებს და იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლებსაც არა აქვთ შესაძლებლობა წიგნები იყიდონ, ხელმისაწვდომს გავხდით წიგნებს. პირველ ეტაპზე გვინდა დიდი ყურადღება მივაქციოთ ზემო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს. შევეცდებით, აქ ბავშვებმა პატარაობიდანვე ისწავლონ კითხვა, გაიგონ ქართული ლიტერატურის მნიშვნელობა", - თქვა "სახალხო ბანკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბუაძემ.
ქართულ სალიტერატურო სივრცეში მსგავსი ჟურნალი არ არსებობს - საბავშვო ლიტერატურის ალმანახი საქართველოში პირველად გამოვიდა, თუმცა გასული საუკუნის 70-80-იან წლების ჟურნალები "საყმაწვილო მოამბე" და "ჯეჯილი" კარგად ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. ჟურნალში შესულია საბავშვო პოეზია, პროზა, დრამატურგია, მუსიკა, არის ასევე კრიტიკა და წერილები პრობლემების შესახებ.
ალმანახი მზად არის სათანამშრომლოდ ყველასთან, ვისთვისაც ახლობელია ეს საქმე. "კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენ ვცდილობთ, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები შევაკავშიროთ: კერძო სექტორი - სახელმწიფო სტრუქტურასთან, მშობლები - გამომცემლობასთან. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს საქმიანობას, მოვახდენთ ქართველი ავტორების პოპულარიზაციას, რადგან ეს ქართველ ავტორებზე ორიენტირებული ფონდია", - აღნიშნა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ირმა მალაციძემ.
ალმანახი წელიწადში ოთხჯერ გამოიცემა. შემდეგი ნომრის გამოცემა გაზაფხულისთვის იგეგმება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ საზოგადოება ჟურნალს ადეკვატურად შეაფასებს და გვერდში დაუდგება.

No comments:

Post a Comment