Sunday, September 11, 2011

ფონდი “ლიბო” ქართველი საბავშვო მწერლების ინტერესებს დაიცავს

 
27 ოქტომბერი  - საბავშვო წიგნის დღე საქართველოში
 
მდგომარეობა, რომელშიც დღეს საბავშვო ლიტერატურა დაუმსახურებლად აღმოჩნდა, გადაუჭარბებლად შეიძლება აბსურდული ეწოდოს. ქვეყანაში, რომელსაც ჰყავდა იაკობ გოგებაშვილი, შიო მღვიმელი, არჩილ სულაკაური, მაყვალა მრევლიშვილი,  და სხვანი და სხვანი, საბავშვო წიგნი დღეს მხოლოდ კომერციის წყაროდ ქცეულა. სამწუხაროდ ვერც სახელმწიფო, ვერც კერძო გამომცემლობები ვერ უზრუნველყოფენ თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის სათანადო პოპულარიზაციას და ბევრ მწერალს არ აქვს შესაძლებლობა თავისი ნაწარმოებები უშუალო მკითხველამდე - ბავშვამდე მიიტანოს. წიგნის მაღაზიებში თაროები გადაჭედილია ფერად-ფერადი, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდილი საბავშვო წიგნებით, მაგრამ მათ შორის კანტი-კუნტად თუ წააწყდებით ქართველი ავტორების წიგნებს. მათგან უმეტესობა ძირითადად ავტორების ხარჯითაა გამოცემული, რაც ხშირად (უმეტეს შემთხვევაში) ავტორისათვის ფინანსურად წამგებიანია. კერძო გამომცემელს კი, წიგნის ბაზრით ნაკარნახევი ინტერესებით უწევს მუშაობა და ვიდრე უცნობ ქართველ ავტორს საზოგადოებას გააცნობს (ეგრეთ წოდებულპრომოუშენსგაუკეთებს), ურჩევნია უკვე ცნობილი სახელები გამოსცეს.
საბავშვო ლიტერატურა არ იწვევს ადექვატურ ინტერესს ლიტერატურულ კრიტიკაში არც პოზიტიური, არც ნეგატიური მიმართულებით და საერთოდ არ გვევლინება არანაირი განსჯისა და შეფასების საგნად. სრულიად დაუცველია ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების არა მხოლოდ საავტორო უფლებები, არამედ მათი საქმიანობის მორალური და მატერიალური მხარე.
დღეს ეკრანიდან თუ გაზეთის ფურცლებიდან ხშირად გვესმის - სად არიან საბავშვო მწერლები? ნუთუ ისინი კიდევ არსებობენ. არსებობენ და ძალიანაც არსებობენ. უბრალოდ მათ საკუთარი ნაწარმოებები სახლებში უწყვიათ იმის იმედით, რომ ოდესმე ვინმე მათ ყურადღების ღირსად გახდის და გამოსცემს.
ჩვენ დღეს გვყავს საკმაოდ სერიოზული მწერლები, რომელთა საბავშვო წიგნებსა და შემოქმედებას გააჩნია პოტენცია, განაცხადი გააკეთოს ნებისმიერ კონკურსში, თუ კი ასეთი რამ საერთოდ ჩატარდება. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ლიტერატურა პრემიებისათვის არ იქმნება, მაგრამ თავისთავად აღიარება და ფინანსური მხარდაჭერა საჭიროა შემოქმედის შრომისათვის.
 სწორედ თანამედროვე ქართველი საბავშვო ავტორების პოპულარიზაციის და მათი დახმარების მიზნით ახლახანს ჩამოყალიბდა საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდილიბო” (ლიტერატურული ინოვაციები და ბავშვთა ორიენტირები). ფონდის პირველ ინიციატივას, იაკობ გოგებაშილის დაბადების დღე, 27 ოქტომბერი (1840 წლის 15 ღვინობისთვე, ძველი სტილით) დაწესებულიყო ქართული საბავშვო წიგნის დღედ, მხარი დაუჭირა მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ. ეს დღე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბავშვო წიგნისა და პერიოდიკის გამოფენით აღინიშნა. აქ წარმოდგენილმა ექსპოზიციებმა საზოგადოებას უჩვენა ქართული საბავშვო წიგნის და პერიოდიკის საუკუნენახევრიანი ისტორია. ივანე კერესელიძის - “პირველი საკითხავი დამწყებ ყრმათათვის” (1861 .), იაკობ გოგებაშვილის პირველიბუნების კარი” (1868 .), მისივეპირველი ანბანი და საკითხავი ყრმათათვის” (1865 .), 1875 წელს გამოცემული პირველი დედაენის ფოტოპირი,  (დედანი ინახება სანკტ-პეტერბუგში), შიო მღვიმელის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლომოურის, იროდიონ ევდოშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, ანა ხახუტაშვილის, ნინო ნაკაშიძის, პირველი საბავშვო კრებულები, რომელთაგან ბევრს ედო ბეჭდად ნიშნული, რომ ის იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კუთვნილება. ასევი იყო გამოფენილისაბლიტგამისპირველი საბავშვო კრებულები. განსაკუთრებით მრავალფეროვანი იყო გამომცემლობა ნაკადულის 60-80-იანი წლების პროდუქცია.
გამოიფინა აგრეთვე საყმაწვილო პერიოდიკა, რომელსაც ასევე საიუბილეო წელი ჰქონდა. პირველი ჟურნალისბაღის  გამოცემიდან (გამომცემელი . ჯუღელი) 125 წელი გავიდა.  ამის შემდეგ სხვადასხვა წლებში გამოიცა საყმაწვილო ჟურნალებისაყმაწვილო ბაღი”, “ნობათი”, “ჯეჯილი”, “ნაკადულიდა მათგან ზოგიერთი დღემდე გამომავალი და მომქმედი ჟურნალია: “დილა”, “ჯეჯილი”, “ნაკადული”, “ნერგი”. ძველი ჟურნალების გვერდით წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართული საბავშვო პერიოდიკაცციცინათელა”, “კოკროჭინა”, “12 მტერდი”, “ანო და ვანო”, და აფხაზეთის საყმაწვილო ჟურნალიიალქანი”, რომელსაც საზოგადოებამ 10 წლის იუბილე მიულოცა. 
                თხოვნა, რომლითაც ფონდმალიბომმიმართა გამომცემლებს - გამოფენაზე წარმოედგინათ  ქართული საბავშვო წიგნი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ძალიან ცნობილ და წარმატებულ გამომცემლებსაც კი მათთვის განკუთვნილი საგამოფენო თაროები ცარიელი დაურჩებოდათ, რადგან მათ მრავალრიცხოვან პროდუქციაში ქართველი ავტორების თითო-ოროლა  წიგნი თუ აღმოჩნდა და თაროები მაინც უცხოელი ავტორების კარგად რეკლამირებულმა წიგნებმა შეავსო.
ფონდი დაარსდა ახლგაზრდა მწერლების ირმა მალაციძისა და მარიამ წიკლაურის თაოსნობით.
მარიამ წიკლაური (მწერალი): “ფონდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ ქართველი საბავშვო ავტორების წარმოჩინება, როგორც ძველი, ასევე ახალი თაობიდან და მეორს მხრივ, საზოგადოებისა და მოზარდის ყურადღების მიპყრობა ზოგადად წიგნის, ლიტერატურისა და მწერლისაკენ, რათა ამაღლდეს საზოგადოების მზაობა მათ მისაღებად.  ამ დღის დაარსებით ფონდი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ ყველას -  მწერალს, გამომცემელს, ილუსტრატორს, ბიბლიოთეკას, სკოლას ექნება
საშუალება თავისი ინიციატივით აღნიშნოს ეს დღე და წარმოაჩინოს წლის განმავლობაში ამ მხრივ წარმართული საკუთარი  საქმიანობა.
მსურს ავღნიშნო, რომ ფონდმა ახორციელებს პროგრამასბიბა” (“ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის”), რომელიც გულისხმობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებშიწიგნის კვირეულისგამართვას. მის ფარგლებში მოეწყობა შეხვედრები საბავშვო მწერლებთან, ილუსტრატორებთან, გაიმართება ქართველი ავტორების პიესების თოჯინური წარმოდგენები, წიგნის გამოფენები”.
ირმა მალაციძე (მწერალი, ფონდლიბოსხელმძღვანელი): “პირველი პროექტი, რომლითაც ჩვენ მუშაობას შევუდგებით, გახლავთ საბავშვო ლიტერატურული ალმანახისლიბოსგამოცემა, რომელიც გააშუქებს ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, პრობლემებს, საზოგადოებას გააცნობს ახალ სახელებს საბავშვო მწერლობაში და შესთავაზებს უკვე ცნობილი მწერლების ახალ საბავშვო ნაწარმოებებს. აქ თავმოყრილი იქნება ინფორმაცია ყველა იმ ახალი გამოცემის შესახებ, რომელსაც საქართველოში მოქმედი გამომცემლობები უმზადებენ პატარა მკითხველებს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უახლოეს მომავალში ვაპირებთ კიდეც ამ მიმართულებით მუშაობას, ფონდის ერთ-ერთი ინოვაცია იქნება ყოველწლიური პრემიის დაწესება საბავშვო ლიტერატურაში.
                გარდა ამისა, ჩაფიქრებული გვაქვს ქართველი საბავშვო ავტორების ნაწარმოებების აუდიო-ვერსიის გამოშვებას უსინათლო ბავშვებისათვის. ეს პროექტი  გასულ წელს უკვე განვახორციელეთ, როდესაც უსინათლო ბავშვებს საჩუქრად გადავეცით ჩემი ათი ზღაპრის აუდიო ჩანაწერები, რომელთა გმირებსაც ქართველი პოლიტიკოსები ახმოვანებდნენ. ეს ჩემი პირადი ინიციატივა გახლდათ, ამჯერად კი ფონდის სახელით განვაგრძობთ ამ პროექტს და აუდიო კასეტებში შევიტანთ თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერლების ნაწარმოებებს.  ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ქართველი ავტორების სახელის პოპულარიზაცია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
ბელა წიფურია (მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე): ძალიან სასიხარულოა, რომ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდმა  გადაწყვიტა ამ დღის აღნიშვნა საქართველოში. საბავშვო ლიტერატურას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის განვითარებისა და და სწორი სულიერი ფორმირების საქმეში. ამ გამოფენამ ერთის მხრივ თვალნათლივ აჩვენა საზოგადოებას ის ფესვი, რითაც დღემდე მოვიდა საბავშვო მწერლობა, მეორეს მხრივ, კარგია, რომ თანამედროვე გამომცემლებმა წარმოადგინეს ახალი წიგნები, რომლებში გარდა ტრადიციულისა, თანამედროვე წიგნის ესთეტიური სახე გამოჩნდა. მივესალმები, რომ ეს დღე ყოველწლიური იქნება. მხარს ვუჭერთ ფონდის ინიციატივას, რომელიც დღევანდელ ბავშვს წიგნთან დაახლოებს.
დოდო ხიმშიაშვილი (მწერალი): იაკობ გოგებაშვილის სახელი ადამიანს მთელი ცხოვრება თან გდევს და ეს არჩვეულებრივი გამოფენა, ეს ამდენი წიგნი იაკობ გოგებაშვილის შვილიშვილებად შეიძლება მონათლო. ის კი არა და, ზოგჯერ სირცხვილი მიპყრობს, რომ მეც მწერალი მქვია და იაკობ გოგებაშვილსაც ამავე სახელით მოიხსენიებენ. ძალიან ბევრი უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, დიდებმა, რომ საბოლოოდ პატარებმა შეიყვარონ წიგნი, დააფასონ ის. სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა იყოს ზრუნვა და ყურადღება არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურაზე, არამედ საერთოდ, ლიტერატურისა და წიგნის მიმართ. მარტო ჩვენ, მწერლები ბევრს ვერაფერს შევძლებთ. არადა გასაკეთებელი ძალიან ბევრია. კარგი იქნება, რომ ფონდლიბოსინიციატივა წიგნის დღის დაარსებით კი არ შემოიფარგლოს, არამედ წიგნის კვირეულებიც გაიმართოს”.
ემზარ კვიტაიშვილი (პოეტი): “მივესალმები საბავშვო ლიტერატურის ფონდის დაარსებას, მის ინიციატივას წიგნის დღის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. საბავშვო ლიტერატურაში, როგორც ზოგადად ლიტერატურაში ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა დაგროვილი. ეს მხოლოდ ერთი და ორი ადამიანის საფიქრალი როდია. საჭიროა ამ სფეროს პროფესიონალთა ერთობლივი ძალისხმევა, რომ სიტყვიერებას, მწერლობას, საგამომცემლო საქმეს მართლა გაეწიოს პოპულარიზაცია. საბავშვო წიგნი დღეს ერთადერთი სახეობაა წიგნისა, რომელსაც ყიდულობენ, უყვართ, ეძებენ და სჭირდებათ”.
ზაზა აბზიანიძე (კრიტიკოსი): “მივესალმები წიგნის დღის დაარსებას საქართველოში, წარმატებას ვუსურვებ ფონდლიბოს  მომავალ საქმიანობაში. მიხარია, რომ მეც საბავშვო მწერალი მქვია დაუნდა ვაღიარო, რომ ყველა ჩემს რეგალიაზე აღმატებულად საბავშვო მწერლის სახელი მიმაჩნია. მე გავეცანი ფონდის პროგრამას. მენიშნა, რომ ისინი უნარშეზღუდულ ბავშვებზეც ზრუნავენ. კარგია, რომ არ დაავიწყდათ ისინი და ფონდს საჩუქრად გადავცემ ჩემი რადიო გადაცემათა ციკლის აუდიო-ჩანაწერს სახელწოდებითლიტერატურული პორტრეტები”, რომლთაგან ერთერთი შიო მღვიმელს ეძღვნება”.
ლიტერატურა სულისმიერი ფენომენია. სულს კი ასაკი არ გააჩნია, ამიტომაც ძალიან პირობითია ზღვრის გავლება საბავშვო და სადიდო მწერლობას შორის. ყოველ შემთხვევაში, საბავშვო ლიტერატურა იმდენს მაინც იმსახურებს, რომ არ დაგვავიწყდეს მისი არსებობა და მნიშვნელობა. განსაკუთრებით კი იმ ხალხს, რომელიც ლიტერატურულ ამინდს ქმნის ჩვენს ქვეყანაში.

No comments:

Post a Comment