Thursday, September 8, 2011

ნინო ბეზარაშვილი

 ნინო ბეზარაშვილი დაიბადა 1922 წელს, შუაგულ კახეთში, გურჯაანის რაიონში, სოფელ ბეზარაანთკარში. რეპრესირებული ოჯახის შვილმა, დედით ობოლმა გოგონამ იტვირთა ოჯახის გაძღოლაც, დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი და ბავშვებს ასწავლიდა და უვლიდა კიდეც ობოლ ბავშვთა სახლში.. წერდა მათთვის და ცდილობდა შეეყვარებინა სამშობლო, ადამიანი, განემტკიცებინა რწმენა სიკეთისა, პატიოსნებისა და ყოველგვარი ადამიანური ღირსებისა. შემდეგ თბილიში დასხლდა, მწერალთა კავშირის წევრი გახდა. მუშაობდა გამომცემლობანაკადულისრედაქტორად. მისი საბავშვო ზღაპრები, მოთხროები, ლექსები ყოველთვის გამოირჩეოდა მახალმხატვრული დონით, ადამიანისადმი გამორჩეული თანაგრძნობით და მდიდარი ქართული ენით. ამჟამად ცხოვრობს თბილისში.

***
ნინო ბეზარაშვილის თითქმის ყოველი მოთხრობა პირადი განცდებისა და შთაბეჭდილებების რეალიზაციას წარმოადგენს, რომლებსაც სევდიანი მელოდიასავით მსჭვალავს გარდასული დროის სამუდამოდ გამქრალი დიდი სინამდვილისბავშვობის ნოსტალგია. მწერალს თემად თავისი ბავშვობის შთაბეჭდილებები აუღია და იქნებ, იმიტომაც ძნელად მოიძებნება მის სტრიქონებში მკითხველზე გამიზნული ნაძალადევი ფრაზები.
ნინო ბეზარაშვილი არ ცდილობს თხრობის შელამაზებას, არც დიდაქტიკას მიმართავს. დიდაქტიკას ცვლის მწერლის დამოკიდებულება პერსონაჟების მიმართ, რომლებსაც შინაგანი კეთილშობილების გარდა ახასიათებთ სევდა, რომელიც გაცილებით მიწიერი და გამაკეთილშობელია, ვიდრე ლხენა და ლაღობა.
საოცარია მწერლის უშუალო მიმართება ბუნებისადმი, სადაც ერთად შეყრილან ბებერი კაკლის ფესვები და ბუერის ფარფარა ფოთლები, ანწლზე დახვეული აბრეშუმა, რბილი მოქნილი ჭყიმები, ოროვანდის ყვავილები და ქათქათა ფერიცვალა
ივანე ამირხანაშვილი 1993 წელი
                 
***
ნინო ბეზარაშვილის მოთხრობები დახვეწილი, ძარღვიანი ქართულითაა დაწერილი. ყოველი სიტყვა საგულდაგულოდაა აწონილ-გაზომილი და თავის ადგილზეა ჩასმული. კახური ლექსიკაც ზომიერადაა მოხმარებული. ბევრ ნაღვერდალივით ფერფლწაყრილ სიტყვას აღმოაჩენთ მწერლის მელოდიურ მოთხრობებში. ეპითეტები და მეტაფორებიც ხალასია., უცვეთელი: ჯიქანივით სავეს მტევნები, თვალებჭუტია ვარსკვლავები და სხვა მრავალი.
ვისაც არ უნდა გვაცნობდეს ნინო ბეზარაშვილი, მთავარი მაინც ისაა, რომ მკითხველს ესაუბრება ნიადაგ კეთილად გამომზირალი, კარგი მოქართულე მწერალი.
 “
თბილი პური მკვდარსაც მოუნდებაო” –ამბობს ერთ მოთხრობაში სალომე ბებია და შვილიშვილის ხელით მეზობელს უგზავნის თბილ შოთს. თბილი პურის გაგზავნა უძველესი ჩვეულებაა, რომელიც დღემდე შემორჩენილია ქართველ ხალხში. Bევრ ასეტ რამეს ამოიკითხავთ ნინო ბეზარაშვილის მოთხრობებში.
ლერი ჩანტლაძე 1977 წელი
 

***
პოეტური სულით მეტყველი ღრმა ქართული, კახეთში რომ დღემდე ისმისაი, რა ძარღვი კვებავს ნინო ბეზარაშვილის პროზას. “ისე კანთიელად ვხედავო” - წერსჩემს საყდარშიმწერალი. ანა კალანდაძე რომ ამბობდა, “ იყალთოს კედლებს ადგას ნათელი……აქ ყურს ესმოდა ძვირფასად მკული ტკბილი ქართულიცხოველი გული ჩემი ქვეყნის და შარავანდი”- აი, ამ ქართულმა გვაჩუქა ინანიშვილიც, მრელაშვილიც და ბეზარაშვილიც. და ამ ქართულის გარდა მისმა დიდმა და ნიჭიერმა გვარმა, რომელიც გამორჩეულობის გამო გაანადგურეს 37 წელს: .მამა, ბიძები, ბიძაშვილები ყველა გადაასახლეს მხოლოდ იმის გამო, რომ საუკეთესო ვენახები, საუკეთესო საქონელი და ხარ-კამეჩი ჰყავდათ, იმის გამო რომ წყარო მათი გამოყვანილი იყო, რომ საუკეთესოდ მღეროდნენ, საუკეთესოდ ირჯებოდნენ  და ასე დაუსრულებლივ..……ოთხი წლისას დედა გარდაეცვალა დედისმაგიერი ზრდიდა (არასოდეს არ უკადრებია დედინაცვლის დაძახება ნინოს). დაამთავრა ფილოლოგიური ფაკულტეტი და პარალელურად უპატრონო ბავშვთა სახლში და შემდეგ გურჯაანის საშუალო სკოლაში მსახურობდა. და ეს ერთი მუჭა, ერთი გაბანება ქალი, ობლობაში გაზრდილი, გულისყურიანი, მოყვასისათვის თავდადებული, მოყვარული პატარებისა, მამაპაპისეულ სახლში ბიბლიოთეკას გაუხსნის სოფლის ბავშვებს და მთელ თავის ენერგიასა და ნიჭს ქართულ ლიტერატურასა და საყმაწვილო ზღაპრებსა და მოთხრობებს შეალევს ისე, რომ სამაგიეროდ არასოდეს არ მოითხოვს არავისაგან ერთ პატარა სამადლობელ სიტყვას. მან ყველაზე კარგად იცის რა არის მარტოობა, ობლობა, ადამიანის ფასი და მოყვასის თანადგომის მადლი.
თუ გინდა ნამდვილი ქართული ისწავლო, უნდა წაიკითხო ნინო ბეზარაშვილის ნებისმიერი მოთხრობა. მე სიამოვნებით წარვადგენდი მას თვით რუსთაველის პრემიაზეც კი. მის ნაწარმოებებს აქვს განუზომელი შემეცნებითი მნიშვნელობაც ქართული ყოფის, ქართული სოფლის, ქართული ბუნების შესწავლისათვის. არ არსებობს ერთი ბალახიც, რომ მისი სახელი და დანიშნულება არ ჰქონდეს ნახსენები. მის საბავშვო ზღაპრებს ხომ არაფერი შეედრება. 
 შოთა ხოდაშნელი 2008 წელი

***
გურჯაანში ყოფილხართ? გინახავთ იქაურებიმუხლჩაუკეცელი, ალალი და გამრჯე ადამიანები? ნინო ბეზარაშვილიც მათი შვილია, მათი სისხლი და ხორცი, თავმდაბალი, დაუზარელი, შრომისმოყვარე, ცნობისმოყვარე, ცოდნისმოყვარე. უყვარს და ეთაყვანება აქაურ ხალხს, მხცოვანს და პატარას და მოთხრობების გმირებადაც ისინი გაიხადა. ბევრი მთხრობა დაუწერია ნინოს, მაგრამ განსაკუთრებით მინდა გამოვყოფოთლები”, “სახლიდაკუნძი”, რომელთაც ხელს ყველა დიდი მწერალი მოაწერდა.
შრომა ყველაზე დიდი შემამკობელია ადამიანისა, გულის სახსოვარი ყველაზე ამამაღლებელია კაცისა, სიკეთე უკვდავების წყაროა, რომელსაც თუ დაეწაფე, ვეღარ მოშორდები. ნინო ბეზარაშვილიც ამ სიკეთის წყაროს მომღერალია.
ნაზი კილასონია 1990 წელი
 
***
საბავშვო მწერლები მარტო პატარებისათვის კი არა, ჩვენთვისაც წერენ. ბავშვებამდე რომ მივიდეს, ნაწერს შუამავალი სჭირდება, უფროსი ხალხი, ვინც ნაწერს ბავშვებთან ერთად პირველნი დააჭაშნიკებენ ამგვარ ლიტერატურას. ასე რომ, ნინო ბეზარაშვილის წიგნის მკითხველი მარტო საბავშვეთი როდია. ჩვენცსადიდეთიც ეწაფება ამ ჯადოსნურ წყაროს, რომლის დაგემოვნებითაც დაბრძენებული ხალხი ახალგაზრდავდება და ახალგაზრდა კი ბრძენდება.. აი, რა შესძლებია ჭეშმარიტ საბავშვო ლიტერატურას. ნინო ბეზარაშვილი ასეთი საბავშვო-საუფროსო მწერალია. თანდაყოლილი მოკრძალებული ბუნების გამო ცოტა თუ იცნობს მის პირად ცხოვრებას, არადა 85 წლის გამხდარა ჩვენი ნინო ბეზარაშვილი
თამაზ კვაჭანტირაძე 2007 წელი


No comments:

Post a Comment